logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს
- +

19 თებერვალი. 2024. 17:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები, ისევე როგორც მისი რიტორიკა, უკვე აღარ იწვევს საზოგადოების გაოცებას.

 

ბერაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაშია ჩართული.

 

„მისი ირაციონალურობის ხარისხიდან გამომდინარე, მისი მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ ის არის ჩართული და ინსტრუმენტალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში. გვინახავს ამის არაერთი მაგალითი, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და ამ დარღვევით მოგზაურობაც ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ეს ყველაფერი არა შემთხვევით ნათქვამი, არამედ კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია.

 

„ვფიქრობ, ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის. ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. არ შემიძლია წინასწარ პროგნოზი, რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი. უბრალოდ, თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ – სააკაშვილის შეწყალება, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი. პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. თუკი ის ითხოვს კრიმინალის, სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის შემოქმედის გათავისუფლებას და მას მოიხსენიებს როგორც ქართული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორს, ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს მასზე დადებითად არ მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner