„არ ვიცი, გაიზიარებს თუ არა რადოსლავ სიკორსკის მოწოდებას სალომე ზურაბიშვილი. მან თქვა „არა და არასოდეს“. ყველაფერი იცვლება და ამასაც დავაკვირდებით“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა განაცხადა.
„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას რაც შეეხება, არსებობს საელჩო, არსებობს მისი კოლეგა - თუ რამის თქმა უნდა და ვინმეს გულშემატკივრობს, შეეძლო მიემართა და მიუმართიათ კიდევაც. რამდენიმე წელი მინისტრი გახლდით და ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა პოლონეთის სეიმიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ, შეხვედრებს მართავდნენ ციხეში და პრობლემებს არ ვქმნიდით. ეს რაღაც წინაპირობების დაყენება - მოდი შენ ეს გააკეთე, მერე მე იმას ვიზამ, რომ ეს ასე იყოს - ჩემი აზრით, არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას თავისი პოლიტიკა აქვს. პირველ რიგში შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და შენი ქვეყნის მდგომარეობიდან უნდა გამოდიოდე. არ მიმაჩნია სწორად, რომ თანამდებობის პირი დადის და სხვაგან საკუთარ ქვეყანაზე ლაპარაკობს. რაც შეეხება იმას, გაიზიარებს თუ არა ამ მოწოდებას სალომე ზურაბიშვილი, მან თქვა „არა და არასოდეს“. ყველაფერი იცვლება და ამასაც დავაკვირდებით“, - აღნიშნა კახიშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექს-პრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.