logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: ჩვენ გვექნება საუბარი, თუ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე
- +

19 თებერვალი. 2024. 19:48

"ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ ფაქტობრივად დაკავშირებადობის ქოლგის ქვეშ მოახდინა ძირითადი პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი იქნება ამ საკითხებზე," - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.

 

 

ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე.

 

 

შესაბამისად, იცით, რომ უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა, DCFTA-ს ვალდებულებების მიღმა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ჩვენ ეს გეგმა უკვე წარვუდგინეთ ევროკავშირს და გვექნება ამ გეგმაზე საუბარი. ველოდებით, რომ მათი მხრიდან იქნება დადასტურება და ეს იქნება ფაქტობრივად თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკურ საკითხებში. რაც შეეხება დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს, ეს იქნება პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რომელზეც იცით, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობდით, ჩატარდა დეტალური კვლევა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება. თუმცა, ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საუბარი ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტზე.

 

 

 

განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის შავი ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელისა და ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე და ძალიან ბევრი ინფორმაცია უკვე შეგროვებულია და გამოიკვეთა. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ფაქტობრივად დადასტურებულია. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ფინანსების მოზიდვის და ა.შ. ასევე, ვისაუბრებთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ რუმინელ კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო და რუმინეთი დაუკავშირდეს და ეს იყოს ალტერნატიული საიმედო არხი იმისთვის, რომ საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს და ამაზე საზოგადოებას ხშირად ვესაუბრებით ხოლმე. და ბოლოს, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს შეეხება, ეს არის ერთიან როუმინგულ კავშირში საქართველოს ჩართვა, აქაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და გვექნება საუბარი უკვე ევროპელ კოლეგებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner