"რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციებს აქტიურად ახორციელებს და არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ავტორი და მხარდამჭერია.
„რაც შეეხება მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას, მასში დეტალურად გაიწერა კომიტეტის სტრატეგიული ამოცანები და ის აქტივობები, რომლებიც რეგიონების განვითარების ხელშეწყობას და ქვეყნის დეცენტრალიზაციას შეეხება.
კომიტეტის წევრები მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს და „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტებს გაეცნენ, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. 23 საკანონმდებლო აქტისგან შემდგარი ცვლილებების პროექტით ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები იქმნება, რაც ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. „ახლი კანონის მიღებით, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში განისაზღვრება მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საბინადრო გარემოს ნუსხა, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება ეროვნულ „წითელ ნუსხას“, ის გახდება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხის ანალოგიური“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ნინო თანდილაშვილმა გურიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გურიის ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ კვლევების და განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ გურიას პირველი ეროვნული პარკი ექნება, რომელიც 15 310 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, საიდანაც 92% ტყის მასივებს მოიცავს. მისივე თქმით, ეროვნული პარკის შექმნით გურიაში ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა და ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა განვითარდება.
„გურიის ეროვნული პარკის დაარსებას ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას და ტურისტულ სერვისებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას შეუწყობს ხელს, რაც გურიას გარკვეული მიზიდულობის ცენტრად აქცევს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
მგზავრთა გადაყვანის რეფორმის შემდგომ ეტაპზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, რომელმაც კომიტეტის წევრებს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების მიზეზია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით. „საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის მიერ მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის გაცემა, რომელიც არანაკლებ 1 წლის ვადით გაიცემა. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხდომაზე კომიტეტის წევრები პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონპროექტს გაეცნენ. მომხსენებლის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის მოსახლეობის 41%-ზე მეტ ადამიანს შეეხება, რომლებიც სოფლის მოსახლეობას წარმოადგენენ. მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც შესაბამის სამინისტროსთან ერთად დამუშავდა, სრულ თანხვედრაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან და მისი მიზანია ადამიანების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის შეფასებით, ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ასევე შემოდის ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკა. წარმოდგენილი პროექტით მნიშვნელოვანი სიახლეა გადამხდელი სააგენტოს შექმნა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო წარმოადგენს.
კანონპროექტის ძირითადი პრინციპები 2025 წლის იანვარიდან, ხოლო გადამხდელთა სააგენტოსა და ფერმერთა რეესტრის წარმოების ნაწილი 2026 წლიდან ამოქმედდება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.