„ერთ-ერთმა პირველმა ხმამაღლა გამოვთქვი ეჭვი, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდა", - ამის შესახებ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. მისთვის გაუგებარია ის პროცესები, რაც პაატა ბურჭულაძის პარტიაში ხდება და ამბობს, რომ ქართველი ბანი პოლიტიკაში სრულიად გაუცნობიერებლად მოვიდა.
„მახსოვს, მაშინ ბურჭულაძის პარტიიდან ერთმა ახლობელმა დამირეკა და მისაყვედურა, მაგ იარლიყს რატომ გვაწებებო... თუმცა მალევე შედგა გაერთიანება „გირჩთან" და ვაშაძესთან და იმ ადამიანმაც, რომელმაც დამირეკა, ბურჭულაძის პარტია დატოვა. სიმართლე გითხრათ, ახლა რა ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული პარტია ბურჭულაძემ დაშლის პირას მიიყვანა. ადამიანები, რომლებიც მის შექმნაში მონაწილეობდნენ, მიდიან. ამ გაერთიანების სიაც სრულიად გაუგებარია...
გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს „ნაციონალების" სცენარი იყო და სწორედ მათ ლიბრეტოს ასრულებს ბურჭულაძე, რთულია, რადგან არსებობს ამის კონტრარგუმენტებიც, მაგალითად, მიშა მაჭავარიანმა გამოჩენის დღიდან შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ ბურჭულაძემ მისგან თავი შორს დაიჭირა. თუ მათი გაძლიერება იყო მისი მისია, მაშინ ეს უარი გაუგებარია. ვფიქრობ, ბურჭულაძეს რომელიმე პოლიტიკური ძალის კონკრეტული სცენარით არ უმოქმედია. ის პოლიტიკაში მოვიდა სრულიად მოუმზადებელი. როგორც ჩანს, არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებდა თვალს და არც მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური გემოვნებით უფრო „ნაციონალი" იყო და ასე მოხვდა ამ გაუგებრობაში. მგონი, ახლა თვითონაც არ იცის, რა უნდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.