“ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, როდესაც უმაღლეს დონეზე ხდება საქართველო-ევროკავშირში არსებული ურთიერთობების, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა”, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკური დიალოგის ძალიან კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე. მე მოველი, რომ უფრო მეტი სიცხადე გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. გავიგებთ მეტს ევროკავშირის გეგმებზე გაფართოების საკითხზე და ჩვენი მხრიდან გავაჟღერებთ იმ გზავნილებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უახლოეს პერიოდში და ასევე გრძელვადიანად, ევროკავშირთან ურთიერთობებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.