„სამწუხაროდ, ჩვენ დეზინფორმაციების გავრცელების ძალიან აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი ადამიანის, ე.წ. ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების მხრიდან სიცრუის ტირაჟირების ხელშეწყობა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს მინდა გამოვეხმაურო შოვის ტრაგედიაზე გავრცელებულ იმ მითებს, რომელმაც გასულ წელს ჩვენი საზოგადოების შეძრწუნება გამოიწვია და მიმართული იყო ჩვენი მოსახლეობის ემოციებზე სათამაშოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გასულ კვირას, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც წარდგენილი იყო შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე შემდგომში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიელმა ექსპერტებმა, რომელთაც ძალიან დიდი, მრავალწლიანი და კვალიფიციური გამოცდილება აქვთ, ერთი-ერთში დაადასტურეს ის დასკვნები და ანალიზები, რაც ქართველმა ექსპერტებმა მოამზადეს გასულ წელს. გამოვლინდა ოთხი სიყალბე, რომელიც მოსახლეობაში ვრცელდებოდა.
ამბობდნენ, თითქოს მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას, თითქოს წინა დღეებში მოსული იყო დიდი რაოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქია, თითქოს სახელმწიფო უწყებებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ საკითხებს. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით სამი საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. ასევე, ფაქტობრივად, სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო. შოვის ტერიტორიაზე 2023 წლის 2 აგვისტოს დღის ბოლომდე მოსული ნალექის რაოდენობა 10-დან 20 მილიმეტრის ფარგლებში იყო. გაცილებით მეტი რაოდენობის ნალექი (30 და 36 მმ) აღინიშნა ამავე წლის ივნისის თვეში, რასაც არ გამოუწვევია სტიქია. შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, ამან გამოიწვია მყინვარ ბუბას სათავეებში ერთი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში ოთხი მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 18-24 მ/წმ იყო და შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 7.5-10 წუთში მიაღწია, რაც ასევე დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მხრიდან;
ამბობდნენ, თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. ასეთი მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია კლდე-ზვავის ჩამოშლა და ხეობაში მეწყრულ -ღვარცოფული პროცესების გააქტიურება;
ამბობდნენ, თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, ამასთანავე არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს;
ამბობდნენ, თითქოს შეიძლებოდა განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია, ხშირ შემთხვევაში, თეორიულადაც კი შეუძლებელია. შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის, კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების თავიდან აცილებას. კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა:
„უკანასკნელ წლებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კომპლექსური სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, მყინვარულ ხეობებში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც; მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.