თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 241 034 900 ლარით ზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფანტაზია საერთოდ არ აქვს და პარტიის წარმომადგენლები ყოველი წლის დასაწყისში ბრიფინგებს აბსურდულ, ერთსა და იმავე თემებზე მართავენ. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ყოველწლიურად, დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით, თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი აისახება, რაც მისივე თქმით, ნორმალური საბიუჯეტო პროცესია.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განმარტა, დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები არის ქალაქის ეკონომიკური აქტიურობის შედეგად მიღებული გადაჭარბებული შემოსავლები, რაც დედაქალაქს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.
„თბილისის ბიუჯეტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. წინა წლის შემოსულობების მატების შედეგად, ქალაქი დამატებით 40 ავტობუსს მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 4 მილიონ ლარზე მეტით იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი; 36 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ინფრასტრუქტურული მიმართულებები. შესაბამისად, დამატებითი ბიუჯეტი ძალიან კარგია ქალაქისთვის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციას მერიაში საშტატო ნუსხის ზრდასთან დაკავშირებითაც უპასუხა და განაცხადა, რომ ქალაქში მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის სატრანსპორტო რეფორმა ხორციელდება, რისთვისაც დამატებითი კადრებია საჭირო.
„არაფერი საგანგაშო არ ხდება. პირიქით, ქალაქს აქვს ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია“, -განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.