logo_geo
eng_logo
მათიკაშვილი ხაზარაძეს: რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ რეიტინგს მიიღებთ არჩევნებზე
- +

20 თებერვალი. 2024. 13:26

 

 

“სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული მამუკა ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

 

„სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? ბიძინა ივანიშვილს. მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს. რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?“ - მიმართა მათიკაშვილმა ხაზარაძეს პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, პარტია „ლელოს“ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება.

 

„თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდ ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ტირანიით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და იმ რეჟიმის დავალებებსაც ძალიან კომფორტულად ასრულებდით. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენ და რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner