ვენახის გაშენების და ვაზის დარგვის წესებზე, ახალგაშენებული ვენახის მოვლასა და გასხვლის ტიპებზე დამწყებ მევენახეებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვლის პროცესში, ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულ ვაზის კოლექციებს გაეცნენ და საქართველოს მევენახეობის ისტორიაზე მიიღეს ინფორმაცია.
სწავლება ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობის მოკლე კურსი“ ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი აგრარულ დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, ცენტრის ბაზებსა და ლაბორატორიებში რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს და სემინარებს.