ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები არსებული სახით არ უნდა ტარდებოდეს", - აცხადებს ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, პედაგოგთა გამოცდებისთვის საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ფულის წყალში გადაყრაა. როგორც ექსპერტმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდებში მასწავლებელთა მასობრივი ჩაჭრა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
„ჯერ ერთი, არ აცხადებენ იმას, რამდენი იყო მასწავლებელი და რამდენი იყო მასწავლებლობის მსურველი. აი, ეს უნდა გაიშიფროს პირველ რიგში... ჩემი აზრით, ეს არის გამიზნული პოლიტიკა... გამოცდებისთვის გამოყოფილი ფული ტყუილად იყრება წყალში. გამოცდებში მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა ერთი და იგივე კორპუსი. როცა ხედავენ, რომ იჭრებიან მასწავლებლები, რატომ ატარებენ ამ გამოცდებს? გაატარონ სიღრმისეული რეფორმები და მერე ჩაატარონ ეს გამოცდები. ვისაც უშველის გადამზადება, უშველის და ვისაც არა, მერე გაუშვან სახლში. ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნა სახელმწიფომ?! როდესაც ამდენი ფული იხარჯება და შედეგი არ ჩანს, ხომ უნდა დაინტერესდეს ვინმე, თუნდაც ტრენინგები როგორი ხარისხის ტარდება?! ვინ შეამოწმა ეს ხალხი, ან ვის ჩაატარებინეს ტრენინგები, ვინმე არ უნდა დაინტერესდეს?! გამოდის, უხარისხო ლექციები ტარდება. ყველაფრის მასწავლებელზე დაბრალება არ შეიძლება. როდესაც ასეთი მასობრივი ჩაჭრებია, დამნაშავე არის სახელმწიფო და არა პედაგოგი. მასწავლებლის ღირსება ფეხქვეშ ითელება. დღეს ებრძვიან ავტორიტეტებს, ეკლესიას, პატრიარქს, სამაგიეროდ ავტორიტეტები ერთსქესიანი წყვილები არიან..." - განუცხადა „რეპორტიორს" ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, მასწავლებელთა 83 %-მა პროფესიული გამოცდები ვერ ჩააბარა.