logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ნამდვილად დაინახა NDI-ს მისიამ, რომ საქართველოში არის ყველა რეალური წინაპირობა იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული ხარისხის უმაღლეს დონეზე
- +

20 თებერვალი. 2024. 16:13

 

 

„ნამდვილად დაინახა, მათ შორის, NDI-ს მისიამ, რომ საქართველოში  არის  ყველა რეალური წინაპირობა იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული ხარისხის უმაღლეს დონეზე და მოგიწოდებთ ოპოზიციას,  ხელი შეუწყოთ არჩევნების ჩატარების დროს  დემოკრატიის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციამ“, -მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ციხეში  ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე.

 

„ის, რაც მოხდა  რუსეთში, ეს არის კლასიკური რუსული გამბიტი - თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი.  ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ, რადგან არც რუსეთია საქართველო  და არც მიხეილ სააკაშვილია უკომპრომისო დისიდენტი. აქედან გამომდინარე, პატივი ეცით ჩვენს ქვეყანას და სხვისი ცუდი მაგალითის პროეცირებას ჩვენს  ქვეყანაზე ნუ გააკეთებთ“, - აღნიშნა ოპოზიციის საყურადღებოდ ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა შეწყალების აქტის თაობაზე.

 

„შეწყალება ჰუმანური აქტია და ჰუმანური აქტია, მათ შორის, დამნაშავე თანამდებობის პირებისა და პრეზიდენტების მიერ ჩადენილი დანაშაულების პატიების თვალსაზრისით. ეს არის ჰუმანური აქტი, მაგრამ ამ ჰუმანური აქტის აღსრულების წინ  ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც უნდა შეეხოს ეს ჰუმანური აქტი, დღენიადაგ, ყველაფერს აკეთებს, რომ  თანამდებობის დატოვების შემდეგაც,  თავისი ქვეყანა ბოლომდე დააზიანოს. მას მონანიებული აქვს ის, რაც გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს? არა! მას და მთელ მის ამალას მონანიებული აქვს, რაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს დააბრალეს? ამაზე მძიმე ბრალდება მსოფლიოში არ არსებობს, როდესაც აბრალებ შენს ქვეყანას, რომ მოგწამლა, გაწამა, არ გიმკურნალა.  როდესაც ამას ასე უტიფრად აკეთებ მთელი საზოგადოების თვალწინ და, ამასთან, ღია ეთერში ყველა უყურებს შენს მდგომარეობას, რომ ყველა პირობა გაქვს შექმნილი, რომ პატიმრობა საუკეთესო პირობებში მოიხადო, შენ ბოროტი სიშმაგით ებრძვი შენს სახელმწიფოს და  შენს ქვეყანას. ამის შემდეგ კიდევ ითხოვ, რომ შეგიწყალონ. ეს არ არის შეწყალება.  ეს არის ქვეყნის  და ეროვნული ინტერესების ღალატი. ამიტომ შეწყალება კი არ არის პრობლემა, ღალატთან თანაზიარებაა პრობლემა,  არავინ გახდეს  ამ დიდი ღალატის თანამოზიარე, რადგან სწორედ ასეთი ღალატებით ხდება ქვეყნის უკუსვლა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner