„მთავარი ტყუილი, რომელსაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, არის ის, რომ თითქოს მერია სპეციალურად არ ითვისებს ბიუჯეტს, რათა ეს თანხა შემდგომ არჩევნებში დახარჯოს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ოპონენტების განცხადებებს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, აქედან ნაწილი გაზრდილი, ანუ დაგეგმილზე მაღალი შემოსავლებია, ნაწილი კი - გარდამავალი პროექტებიდან გადმოსული თანხები. საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, როცა ქვეყანაში ნორმალურია სიტუაცია, ბიუჯეტი იზრდება და ეს დადებითი მოვლენაა.
„რადგან ბიუჯეტი გაიზარდა, ესე იგი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ჩვენს ოპონენტებს ვერ გავაგებინეთ. თუ ბიუჯეტს გაეცნობით, ნახავთ, რომ ჯამში აუთვისებელი გამოდის 5 პროცენტზე ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის 95-პროცენტიანი შესრულება გვაქვს. ვერ ვიგებ, როცა მილიარდ 800 მილიონზე მეტს მართავ და 95 პროცენტი გაქვს ათვისებული, პრობლემა სად არის? ახლა დედაქალაქის ბიუჯეტი ორი მილიარდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელს თანხობრივად ნაშთი შეიძლება უფრო მეტიც იყოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და ყოველ წელს ერთსა და იმავე თემაზე ბრიფინგები არ უნდა მართოს.
„აი, ასეთ სიცრუეზე აგებთ თქვენს კამპანიას. კიდევ საუბრობთ გაზრდილ შტატებზე და ამბობთ, თითქოს პარტიულ აქტივს ვასაქმებთ. სულ 85 კადრზეა საუბარი და როგორ ფიქრობთ, არჩევნებზე ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება 85 ამომრჩეველია?“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.