„მიმდინარე წლის 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საკრებულოში შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, ონკოპაციენტები, ონკოლოგები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ეს არის უწყვეტი ზრუნვა, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, - ასე დაიწყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თავისი გამოსვლა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
„პირველი ჩემი შეხება ონკოპაციენტების დიდ ჯგუფთან 2 წლის წინ მოხდა, როდესაც ჩავერთე კამპანიაში „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“. ისინი სახელმწიფო უწყებებთან ერთად ეძებდნენ გზებს, თუ როგორ გამხდარიყო ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი ონკოპაციენტების სრული მხარდაჭერა ამ დაავადებასთან ბრძოლაში. „სახელმწიფოსგან ყურადღების მიღმა დატოვებულ პაციენტებს უწევთ გარეთ დგომა და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად“, - ეს არის ჩვენი კოლეგის განცხადება ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქციიდან. ჩემთვის გაუგებარია, რა პოლიტიკური აქტიურობა შეიძლება გიღირდეს იმად, რომ ამ თემით სპეკულირებდე, ამავდროულად აქციაზე ლიდერად გყავდეს ვაშაძე, რომელიც ონკოპაციენტის მკურნალობაში გადახდის ფულს „შავ ხვრელს“ ეძახდა; აგრეთვე, მთელი ამ პოლიტიკური გაორების დროს გავიწყდებოდეს მთავარი, რომ ყველაზე მეტად ეს პროცესი აზიანებს ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ათი წლის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებს უფინანსდებოდათ ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ონკოქირურგია. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი.
„დღეს ონკოპაციენტები აღარ იღუპებიან უსახსრობის გამო, აღარ ყიდიან სახლებს, აღარ რჩებიან ქუჩაში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი რეალობა იდგა ჩვენს ქვეყანაში. ეტაპობრივად გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ონკოლოგიური მედიკამენტების ჩამონათვალი. 2024 წლიდან კი, ბენეფიციარის შემოსავლის მიუხედავად, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა მკურნალობა. პაციენტები მიიღებენ სრულფასოვან მკურნალობას უწყვეტად, საჭიროების მიხედვით“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.