ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არის „ქართული ოცნების" ყველაზე საყურადღებო სიახლე, რომელიც ყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად. საყვარელიძის თქმით, პრემიერი, მისი მოყვანილი ადამიანები და უკვე გაკეთებულ საქმეებზე დაფუძნებული დაპირებები ის სამი კომპონენტია, რაც „ქართული ოცნების" წარმატების საფუძველი შეიძლება გახდეს.
„ქართული ოცნების" ყველაზე საყურადღებო სიახლე არის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ ავანსცენაზე ახალი პოლიტიკური ლიდერის შემოსვლით დაიწყო განახლება პარტიაში. მან იოლად მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, რომელსაც, ფაქტობრივად, ჯერ შეცდომა არ დაუშვია. გარდა ამისა, ის ახერხებს და ყალიბდება დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად, შესაბამისად, მის წარმოდგენილ გუნდსაც უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის იმედი. ვფიქრობ, ახალი ლიდერი, მისი მოყვანილი ადამიანები და უკვე გაკეთებულ საქმეებზე დაფუძნებული დაპირებები - ის სამი კომპონენტია, რაც ამ ძალის წარმატების საფუძველი შეიძლება გახდეს. მე ჯერ ვერ ვხედავ სხვა პარტიას, რომელსაც ანალოგიური შესაძლებლობები აქვს", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.