logo_geo
eng_logo
პარლამენტში საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
- +

20 თებერვალი. 2024. 23:32

პარლამენტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

 

 

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

 

„საქართველოს პარლამენტში საჯარო -კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელობისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბიზნესთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად გვემსჯელა რეგულაციებზე. ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე იმპლემენტირებული გვაქვს, თუმცა მეორე და უფრო რთული ნახევარი ჯერ კიდევ წინაა და თანამშრომლობის ეს გამოცდილება დარჩება პარლამენტში და ამ გამოცდილებით გავიხედავთ წინ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპის საქართველოში დაბრუნება ისტორიული მისიაა, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციას თავის სირთულეები აქვს საზოგადოებისთვისაც და ბიზნესისთვისაც და ამ პროცესში საზოგადოებრივი კონსენსუსი სექტორებს შორის არის მნიშვნელოვანი. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს პროგრამის მხარდაჭერისთვის.

 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ამერიკის შეერთებული შტატებს და შვედეთს ამ დახმარებისთვის. სწორედ, ეს არის მაგალითი წარმატებული თანამშრომლობისა, სწორედ ეს არის რაც სჭირდება ქართველ ხალხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის აქტიური მონაწილეობით გაიმართოს დისკუსია კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების პროცესთან დაკავშირებით. ამ ფორმატში ჩვენ შევძელით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაგვეტარებინა კომიტეტის ფარგლებში“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს სქელის აღმსრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში შექმნილი საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ძირითადი მიღწევები გააცნო.

 

 

USAI-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში განხილულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში კერძო სექტორის ჩართულობის როლზე ისაუბრა.

 

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ ილესიმ.

 

 

ღონისძიების ფარგლებში საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევი საგრანტო აქტივობის ფარგლებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა. მისი მიზანია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მხარდაჭერა საჯარო-კერძო დიალოგის წარმატებით წარმართვისა და პარლამენტში კერძო სექტორთან დიალოგის კარგი პრაქტიკის ხელშეწყობის მიმართულებებით.

 

 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner