ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ბლოკი გაივლის ყველა პროცედურას და რეგისტრაციის ბოლო დღეს, 18 სექტემბრისთვის მას ექნება რეგისტრაცია დასრულებული.
„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონში მოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-მ საარჩევნო ბლოკის „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-მ გასულ კვირას გამოაცხადა. განკარგულებაში ცესკო განმარტავდა, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.