logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია. მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები
- +

21 თებერვალი. 2024. 09:41

 

 

„გაიმართა საქართველო-ევროკავშირის რიგით მე-8 ასოცირების საბჭო, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის მხრიდან უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი და საქართველოს მხრიდან საქართველოს  პრემიერ-მინისტრი“, -  ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იყო და მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები.

 

„რა თქმა უნდა, ორივე მხარემ ისაუბრა დეკემბრის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეფუძნებოდა ერთი მხრივ, ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის დიდ სურვილს, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ხოლო მეორე მხრივ, იმ ძალისხმევას და იმ ჩატარებულ რეფორმებს და საქმიანობას, რომელიც ქართულმა მხარემ გასწია დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

რა თქმა უნდა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე. ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება 9 ე.წ. ნაბიჯის განხორციელების მიმართულებით და ევროპულმა მხარემ, ევროკომისიამ, ისევე როგორც საბჭომ, აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა აღნიშნულ პროცესში.

 

მნიშვნელოვანი დისკუსია ასევე შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც შეეხება ევროკავშირის შიდა ბაზარში საქართველოს ინტეგრაციას, ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი, რომელიც ეხება მაგალითად  როუმინგისა და საბანკო გადარიცხვების  თემატიკას. ეს ის ორი დიდი თემაა, რომელთა ჰარმონიზებაც ჩვენს მოქალაქეებს უაღრესად გაუადვილებს კომუნიკაციას ევროკავშირის სივრცეში.

 

ასევე, ბუნებრივია, ხაზი გაესვა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის კრიზისებისა და კატასტროფების პრევენციის მექანიზმში. ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული მიმართულებით და ალბათ ახლო მომავალში მოხდება საქართველოს გაწევრიანება აღნიშნულ მექანიზმში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ერთი მხრივ პრევენციის და მეორე მხრივ რეაგირების მიმართულებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები საქართველოს მხარდაჭერის და დახმარების მიმართულებით სამწუხარო შემთხვევების პირობებში“, -  განაცხადა ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

 

როგორც მან აღნიშნა, დღის წესრიგით ასევე საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

„ქართულმა მხარემ მიაწოდა ევროპულ მხარეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო ინცინდენტებთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ერთობლივად გადაიდგას იმისათვის, რომ მოვახერხოთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველო არსებობასთან დაკავშირებით, ასევე იმ როლთან დაკავშირებით, რა როლსაც ევროკავშირის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ახორციელებს. ხაზი გაესვა აუცილებლობას ერთობლივი ძალისხმევის, რომ კონკრეტული შედეგები იქნას მიღწეული შესაბამის ფორმატებში“, -  განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner