logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და NATO-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში
- +

21 თებერვალი. 2024. 10:40

 

 

„პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და NATO-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში“, - ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები, სადაც განიხილება საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესი.

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა NATO-ში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი პირველად ესტუმრება NATO-ს შტაბ-ბინას, სადაც მას საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები NATO-ს გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან და ამავე დროს ორმხრივი შეხვედრების მიღმა ჩვენ გვექნება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე, სადაც NATO-ში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, მასთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი წლევანდელ ზაფხულს. ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია ჩვენთვის. ეს არის საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილე, სადაც განხილული იქნება არა მხოლოდ ალიანსის საფრთხეები და გამოწვევები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და ამას აღიარებს მთლიანად ალიანსი. ამიტომ, ამ ინტერაქციას მოკავშირეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და NATO-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner