საკრებულოს სხდომაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
დადგენილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სამართლის სისტემას.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების მიზანია ხელი შეუწყოს პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას. ჩვენ გვქონდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ყოველი მათგანი გავითვალისწინეთ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
საკრებულოს სხდომაზე წარდგენამდე დოკუმენტი „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის დოკუმენტის მიღება და პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენება საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების შემთხვევების და თავიდან აცილებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმი ითვალისწინებს პრევენციის ღონისძიებებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული სპეციალისტი/მრჩეველი ახორციელებს. მექანიზმი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებას და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლების ინფორმირებულობას.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, დღეის მდგომარეობით 16 საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უკვე დამტკიცებულია. აღნიშნულ უწყებებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საჯარო სამსახურის ბიურო, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ.