logo_geo
eng_logo
დავით კაჭარავა: ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს
- +

21 თებერვალი. 2024. 16:07

 

 

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.

 

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში როგორც პროფესიონალური, ასევე მასობრივი სპორტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოდან ფინანსდება. სპორტი უამრავ ქვეყანაში არის ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, არაპირდაპირი სიკეთეები, რაც სპორტს მოაქვს, არის კრიმინალის შემცირება, არაგადამდები დაავადებების შემცირება, ცნობადობის ამაღლება, რასაც მოჰყვება ტურისტების შემოდინება და ა.შ. ჩემი კითხვა შეეხება იმას, რომ იქნებ ფინანსთა სამინისტრომ, ან რომელიმე სხვა უწყებამ ჩაატაროს კვლევა, თუ რა უკუგება აქვს თითოეულ დახარჯულ ლარს. სახელმწიფო როცა ხარჯავს კონკრეტულ თანხას სპორტის მიმართულებით, ამას რა უკუგება მოჰყვება? ამის შემდეგ, ჩვენ ალბათ, უფრო მეტად გვექნება საშუალება, განვსაზღვროთ, თუ რა დაფინანსება სჭირდება სპორტს. ვფიქრობ, რომ შემოდინება სპორტიდან ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დახარჯული თანხები,“ - აღნიშნა კაჭარავამ.

 

დეპუტატის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, ასეთი კვლევა ფინანსთა სამინისტროს არ ჩაუტარებია, მაგრამ საინტერესო იქნება მსგავსი კვლევის ჩატარება და ამის საფუძველზე სამომავლო გეგმების დასახვა.

 

„საინტერესო იქნებოდა ასეთი კვლევის ჩატარება. ფინანსთა სამინისტროს ეს კვლევა არ ჩაუტარებია და დაგეგმილი არ ჰქონია. თუმცა, შესაძლებელია დარგობრივ სამინისტროებთან ერთად მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება და შესაბამისად, შედეგებიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმების დასახვაც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner