logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილის პასუხი გიორგი ვოლსკის: „ლელოს“ იდეა 1000 ლარიან პენსიაზე ბიუჯეტს გაანახევრებს
- +

21 თებერვალი. 2024. 16:50

 

 

„ლელოს“ იდეა 1000 ლარიან პენსიაზე ბიუჯეტს გაანახევრებს. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც პოლიტიკური პარტია "ლელო" ახმაურებს პენსიებთან დაკავშირებით, გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის კითხვას პარტია „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომელიც 1000-ლარიან პენსიას ითვალისწინებს.

 

ვოლსკიმ "მინისტრის საათის" ფარგლებში ხუციშვილისთვის კითხვის დასმის დროს, ასევე განაცხადა, რომ ამ პარტიამ თაღლითური სქემა მოიფიქრა და შესაძლოა, ამომრჩევლებმა დაიჯერონ.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს 1000 ლარიანი პენსია შეუძლებელია, ელემენტარული თაღლითობაა, მით უმეტეს, თაღლითობაში შემჩნეული ადამიანებისგან. დამატებით ინფორმაციას გთხოვთ ამასთან დაკავშირებით, რადგან 800 ათასზე მეტი პენსიონერია. მათი 1% მაინც რომ მოტყუვდეს, შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებმაც მოტყუების თაღლითური სქემა მოიფიქრეს, გადალახონ კიდეც დაწესებული ბარიერი“, - მიმართა დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს.

 

ამაზე პასუხად, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ეს იდეა საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და ამაზე დანარჩენი ოპოზიციაც თანხმდება.

 

„ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში - ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია, ეს ემსახურება ერთადერთს, რომ შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს.

 

დაახლოებით 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რომლებსაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 100%-ს ოთხ წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

 

შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ წინასაარჩევნო დაპირების სახით აღნიშნა, რომ პენსიას 1000 ლარამდე გაზრდიდნენ. მოგვიანებით კი, როდესაც მათმა განცხადებამ პროტესტი გამოიწვია მმართველ თუ ოპოზიციურ წრეებში, პარტიაში განაცხადეს, რომ პენსიის 1000 ლარამდე ზრდას ოთხი წლის განმავლობაში გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner