"ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელი სხდომა, "- ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე- პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე გარკვეული პერიოდია სხდომა არ ჩატარებულა ასეთ მაღალ დონეზე.
„ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითი დინამიკა არსებობს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია.
ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, როგორც პრესკონფერენციაზე, ასევე შეხვედრის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც სხვადასხვა კონკრეტულ პროგრამაში გამოიხატება. ბევრი ინსტრუმენტია, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული მხარდაჭერის, რომლებსაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვიყენებთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მან თავი შეიკავა დახურული შეხვედრის დეტალების გასაჯაროებისგან, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს.