„ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება, ასევე ალიანსთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები.
ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა და განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდია სხდომა ასეთ მაღალ დონეზე არ ჩატარებულა.
„ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ ხაზი გაუსვა დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია. ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს NATO-საქართველოს კომისიის სხდომა“, - განაცხადა მან.