„მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ – იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, საქართველოში რომელიმე უწყების ხელმძღვანელს რომ გამოეცხადებინა თანამშრომლებისთვის, დღეიდან „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“ და „ქმარი“ აღარ თქვათო!
ეს გახლავთ მსოფლმხედველობრივი აცდენის მკაფიო მაგალითი, როდესაც ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ და ამ საკითხში ერთმანეთს ვერც ვერასდროს გავუგებთ.
ეს განცხადება ქართველებისთვის ეგზოტიკური შინაარსის ხუმრობად დარჩებოდა, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ აქ სახუმარო არაფერია.
მართალია, ეს დოკუმენტი ამერიკაში გაავრცელეს და საქართველოსთვის ჯერ არ დაუძალებიათ მისი მისი კოპირება, მაგრამ ეს მსოფლმხედველობრივი დოკუმენტია, რომლის მიზანიც ადამიანების ერთ ყალიბში მოქცევა და გაერთიანებაა. როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე, დედის და მამის უარყოფის თემა ხვალ და ზეგ ევროპაში გადმოინაცვლებს და სულ მალე საქართველოშიც მოგვიკაკუნებს კარებზე – ერთი მხრივ, დაიწყება ტვინების გამორეცხვის დაფინანსებული კამპანიები, რომ „დედა“ და „მამა“ ცუდი სიტყვებია, იმ „ჩამორჩენილების“ ბულინგი, ვინც „დედას“ და „მამას“ მაინც ამბობს, რასაც მოჰყვება მუქარანარევი პროპაგანდა – „თუ დედას და მამას ლექსიკონიდან არ ამოიღებთ, იქ არ მიგიღებთ, ამას არ მოგცემთ და ასე შემდეგ…“
თუმცა, ლექსიკონიდან დედის და მამის ამოღებას ბუნება დაუსჯელად არ ტოვებს, ეს იწვევს საკუთარ მეობაზე და იდენტობაზე უარის თქმას, ადამიანის ფსიქიკის ჩამოშლას და მის მანქურთად ქცევას. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ბევრს საუბრობდნენ ახალი ადამიანის შექმნაზე, რაც ასევე ექსპორტირებული იდეა იყო და, სინამდვილეში, ნიშნავდა უსამშობლო, უწარსულო ადამიან-რობოტს, რომელიც დაუფიქრებლად შეასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას. ასეთ ახალ ადამიანს ადიდებდნენ მედროვე პოეტები: “მე გადავწყვიტე მთლიანი გულით, ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული! მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას!“
საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გამოვიმუშავეთ და შეგვიძლია, ისე გავატაროთ ხოლმე „უფროსი ძმების“ უხერხული გამონათქვამები და ქმედებები, რომ ვითომც არ გაგვიგია, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელთა არდანახვაც შეუძლებელია.
ამერიკა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოა, მას შეუძლია, საკუთარ თავს დედის და მამის უარყოფის ექსპერიმენტის ჩატარების უფლებაც კი მისცეს, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანას უფრო მალე გაანადგურებს და წაშლის მსოფლიო რუკიდან, ვიდრე ნებისმიერი მასობრივი განადგურების იარაღი (ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ განათლების სისტემა, უშუალოდ ახალგაზრდების განათლების გარდა, პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზეც).
ჩვენი ტრაგიკული წარსულიდან გამომდინარე, გამუდმებით ვეძებთ უსაფრთხო სამხედრო და ეკონომიკურ ნავსაყუდელს, რომ თავი შევაფაროთ, მაგრამ უსაფრთხოების ძებნაში თუ უარი ვთქვით ყველა იმ ღირებულებაზე, რასაც ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება, ლექსიკონიდან ამოვიღეთ დედა, მამა, პაპა, ბებია, დიდედა, და, ძმა და დედამიწაც კი, ასეთ ადამიანობადაკარგულები რომელ ნავსაყუდელში დავჭირდებით ან ჩვენ რამდენად მოგვწონს ასეთი მომავალი?!
P.S. ეს ლექსი, წესით, ყველა პატარა ბავშვმა რომ უნდა იცოდეს, მხოლოდ მახსოვრობას კი არ ავარჯიშებს, სამყაროს შემეცნების მოდელიცაა და აშავებს ვითომ რამეს?!
„მზე დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.