ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია და მათ დავალებებს ასრულებს.
„პაატა ბურჭულაძის პარტიის მიმართ კითხვის ნიშნები ყოველთვის იყო. „ქართულმა ოცნებამ" ცალსახად თქვა, რომ ეს ადამიანი დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებს. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მარიონეტია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერს - ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ გარკვეულ დავალებებს თუ შენიშვნებს ბურჭულაძე იღებს გვარამიასგან, ეს ავტომატურად ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს.
ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტიაა. ბურჭულაძეს არანაირი ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან.
გავრცელებულ აუდიომასალაზე გამოძიება ჩატარდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს ჩანაწერი გავრცელდა თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „ნაციონალებისთვის" ახალი არ არის, ჩაიწეროს საუბარი და მერე თვითონვე გაავრცელონ, რათა ხელისუფლებას დააბრალონ. ასეთი თამაშები მათთვის უცხო არ არის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.