logo_geo
eng_logo
კულტურის მინისტრი კონსერვატორიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს
- +

14 სექტემბერი. 2016. 18:09



თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2016-2017 სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.



15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კონსერვატორიის შენობას ეწვევა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში მიმდინარეობს სარემონტო-განახლებითი სამუშაოები.



კონსერვატორიის დიდ დარბაზში ამჟამად ახლდება ინტერიერი, სცენის შეკეთება და მოხვეწა, რბილი იატაკის შეცვლა ხის იატაკით (მუხის მასალა), სველი წერტილების განახლება და გარდერობის დახლების შეცვლა; დაგეგმილია ახალი სავარძლების დამონტაჟება, რაც დარბაზის აკუსტიკური მონაცემების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.



აღსანიშნავია, რომ კონსერვატორიის მცირე დარბაზში უკვე  განახლდა ინტერიერი. კერძოდ,  მოიხვეწა იატაკი და გაიწმინდა სავარძლები.



ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კონსერვატორიის შენობაში კი დაგეგმილია შესასვლელის მოწყობა, ასევე, კიბის უჯრედისა და ფასადის გარემონტება.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონსერვატორიის შენობების სარემონტო სამუშაოებისთვის 535 760 ლარი გამოყო;



ორივე შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner