„არანაირი ასეთი პარტია არ არსებობს სინამდვილეში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ლელოზე“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი „ლელოს“ საარჩევნო დაპირებასაც გამოეხმაურა, რომელიც 1000-ლარიან პენსიებს ითვალისწინებს.
„1000-ლარიან პენსიაზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ რაღაც პუნქტები წარმოადგინეს, ერთი პუნქტი მეორეს პირდაპირ გამორიცხავდა. როდესაც რუსეთის სანქციებზე არის საუბარი, ეს თავისთავად ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის სერიოზულ უკან დახევას. ეკონომიკის უკან დახევის პირობებში პენსიის ზრდა უტოპია კი არ არის, ეს არის ყველაზე თავხედური მესიჯი, რაც კი შეიძლება შეასაღო ამომრჩეველს და მოატყუო. ანუ, ერთი პუნქტი უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკა უკან წამოვიდეს, მეორე კი გვპირდება რომ ათასლარიანი პენსია იქნება. შეუსაბამობაა ეს და ამის მხილება მოხდა. ასე, უბრალოდ, ეკონომიკური პარამეტრებიდან ამოვარდნილად თუ შეიძლება რაღაცების დაპირება, ჩვენ ვთქვათ 10 ათასი. მერე ვიღაცა 20 ათასს იტყვის, ჩვენ 50 ათასი ვთქვათ. გვენანება? მივცეთ პენსიონერებს 10 ათასი, რა პრობლემაა? მაგრამ ეს ეკონომიკიდან უნდა გამომდინარეობდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.