logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
- +

22 თებერვალი. 2024. 15:30

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ნამოსახლარ „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ლევან დავითაშვილი იმირში კულტურის და სპორტის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ღვინის ეროვნული სააგენტოების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა.  

 

სოფელ იმირის ,,გადაჭრილი გორა" მნიშვნელოვანი, საქართველოში მიწათმოქმედების უძველესი ძეგლია, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ გარდა საყოფაცხოვრებო არქეოლოგიური ნიმუშებისა, იქ აღმოჩენილია მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის ნიმუშები, რაც იმ პერიოდში მებაღეობა-მევენახეობის კულტურის არსებობაზე მეტყველებს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნების მიზნით „გადაჭრილ გორაზე“ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს იქნება ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება, რომელიც  არამხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

 

„ეს არის ადგილი, სადაც მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერაა აღმოჩენილი, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის დასაწყისია და ეს არ არის საინტერესო მხოლოდ ქართველი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის, ეს არის მსოფლიო მეცნიერებისა და ტურისტებისთვის საინტერესო დანიშნულების ადგილი. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს.  ამ პროექტის ფარგლებში უწყებათაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, „ღია ცის ქვეშ მუზეუმი“ გაიხსნას და ტურისტები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე უწყება აქტიურად თანამშრომლობს. შესრულებულია „გადაჭრილი გორას“ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემდგომ კი იგეგმება მუზეუმის გაკეთება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის და დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობა. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი კერძო სექტორს და ბიზნესს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „გადაჭრილი გორა“ არამხოლოდ სამეცნიერო კუთხით იქნას შენარჩუნებული - კონსერვაციის მიზნით, არამედ მოხდეს მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

 

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ემსახურება საქართველოს, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას და ზოგადად, ქართული ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროები - ყველა უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს იმისთვის, რომ პროექტის შემდგომი განვითარება მოხდეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner