სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან ერთად გაეცნო.
„ორივე სოფელში ახალ ბაღებს ვაშენებთ, არცერთს არ ჰქონდა ბაღის შენობა და ჩვენი პატარა თაობის წარმომადგენლებს უწევდათ არასათანადო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება. რაც შეეხება რეგიონს, ამჟამად მიმდინარეობს 28 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 21-ის რეაბილიტაცია. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები და ჩვენს მომავალ თაობებს შევთავაზოთ ღირსეული საგანმანათლებლო გარემო“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
ზუგდიდის სოფელ რუხის ახალაშენებულ საბავშვო ბაღში, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ. რუხის საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
წალენჯიხის სოფელ ლიის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული, საკრებულოში ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო. ლიის ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო პროცესი ხელშეკრულების შესაბამისად მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
საბავშვო ბაღების მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სახელმწიფო რწმუნებული დღესვე სოფელ რუხის საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოებს გაეცნო, სკოლის სახურავი ძლიერმა ქარმა 6 თებერვალს დააზიანა, სკოლაში სასწავლო პროცესი ამჟამად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.