ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენა შეაჯამა.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით უმრავლესობის წევრები ამაყები იყვნენ, რადგან ანგარიში ორიენტირებული იყო ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ირგვლივ სასაუბროდ.
„უმრავლესობის ყველა წევრი ვიყავით ამაყები ამ [შალვა პაპუაშვილის] გამოსვლის შემდეგ, რადგან ეს იყო გამორჩეულად მაღალი დონის ანგარიში, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ირგვლივ სასაუბროდ და ზუსტი შეფასება იმის, თუ რა ხდება დღეს პარლამენტში, როგორია შესაძლებლობები, გამოწვევები რა გვაქვს და ა.შ. გაკეთდა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მთავარი გამოწვევა დღეს და ამ კუთხით დასახელდა პანდემიის გავლენა, პოსტპანდემიური სირთულეები, გეოპოლიტიკური, პრობლემატური ვითარება. საკმაოდ დიდი დრო დაეთმო, სავსებით მართებულად ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას - როგორც ხელის შემშლელ ფაქტორს დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოში. აქ არ არის პოლიტიკური კონკურენციის საკითხი - ოპოზიცია იმდენად უმსგავსოა, იმ კომპონენტს, რომელიც დემოკრატიას სჭირდება, არ ავსებს. შალვამაც გააკეთა იმაზე აქცენტი, რომ ის, რომ ჩვენ ოპოზიციას რადიკალიზაციას ვუწუნებთ, ვაკრიტიკებთ ამის გამო, არ ნიშნავს იმას, რომ მათგან არ ველით მეტ კრიტიკულობას. ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებებით, სინამდვილეში ოპოზიცია დაცლილია რეალური კრიტიკისგან და ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აბსოლუტურად არ ეხმარება. რეალურად კი ხდება ისე, რომ გამოდის ვიღაც და გვაბრალებს სრულიად უაზროდ, რომ პრორუსები ვართ მაშინ, როდესაც ხედავს საზოგადოება, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ჩაწერა ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ყველა ღირებული წარმატება რაც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ხელისუფლების პირობებშია მიღწეული. რანაირი ანტიევროპულები გამოვდივართ?!“ - აღნიშნა სარჯველაძემ.