ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის გეგმაზე გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს აქვს ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და რევოლუციური სცენარის სისრულეში მოყვანა.
„როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის გეგმებში რევოლუციური სცენარები ისევ შედის, რადგან ძალიან კარგად დაინახეს მმართველი პარტიის მიმართ ხალხის მხარდაჭერა და ზუსტად აცნობიერებენ, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით ისინი ვერანაირად მოვლენ ხელისუფლებაში და რევოლუცია მათ სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ რამენაირად ხელისუფლება შეცვალონ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს სალომე ზურაბიშვილის იძულებას, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის ხოლმე ასეთი მოთხოვნები. იგი ცდილობს, საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც მონაწილეობს ამ ფარსში, დახმარებას იმისათვის, რომ შექმნას დადებითი აღქმა მოსახლეობაში - თურმე ის არა საკუთარი ნება-სურვილით, არამედ ხალხის მოთხოვნით იწყალებს სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, ტყუილია. მისი შეწყალება დამოკიდებული იქნება მხოლოდ უცხოელი პატრონისგან მიღებულ დავალებაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.