"შევთანხმდით, რომ ყველა იმ პენსიონერს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით და შემცირებული პროცენტით, შევუმციროთ პროცენტები და გადავიყვანოთ ახალ, 2023 წლის შემდეგ მოქმედ შემცირებულ პროცენტებზე," - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან და ეროვნულ ბანკთან.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ეროვნულ ბანკთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ პენსიონერს, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით და შემცირებული პროცენტით, შევუმციროთ პროცენტები და გადავიყვანოთ ახალ, 2023 წლის შემდეგ მოქმედ შემცირებულ პროცენტებზე. ამ ყველაფრის განხორციელების ტექნიკურ გზებზე ჩვენ კიდევ უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, შემდეგ ვაცნობებთ საზოგადოებას აღსრულების ნაწილში თარიღებს და სხვა ეტაპებს“, – განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა.