"ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენი თანხმობა არ არის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და რომელიც არ გახლავთ მოთხოვნა ვენეციის კომისიის, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა, სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველო მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით საკითხი, რა არის ამისი საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
იყო საუბარი, რომ ნდობა არ არსებობს ან რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები ხომ არ გამოდის. არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა. პირიქით, დღეს წლიური ანგარიშის ფარგლებში ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე ყველა სასამართლო საქმეზე, რომელზეც იყო ხოლმე მითითება – „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თითქოს მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული. ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა, იყო მტყუანი. ასეთი ბევრნი იყვნენ, თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც კი.
თუ გაიხსენებთ „რუსთავი 2“-ის, სააკაშვილის, ახალიას საქმეს, ნახავთ განცხადებებს, როგორ გვიფასებდნენ ამას უკუგადადგმულ ნაბიჯად, როგორ გამოხატავდნენ შეშფოთებებს. ყველა აღმოჩნდა მტყუანი ქართულ მართლმსაჯულებასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ და თქვან, შევცდით, ხუთი წელი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ვაჯანჯღარეთ ქართული საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადონ, ახლაც ოპოზიცია ითხოვს, რომ მოსამართლეები სიღნაღიდან მესტიამდე უნდა გავატაროთ რაღაც სპეციალურ ფილტრში. ეს არასერიოზულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანხმობა აქ არ არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.