"სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში.
„საუბრობენ [ოპოზიცია] და აყენებენ ისეთ პრეტენზიებს, ისეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამშრომლობის სურვილი რომ უჩნდებათ, ეს არის გასაკვირი და გამოდის, რომ იმ სიყალბეში თვითონაც არიან დარწმუნებულები. მთავარი აზრი რაც მქონდა, მათთვის, უმრავლესობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი გზავნილი მიმეტანა არის შემდეგი წუხილი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ისინი მოქმედებენ არა თავისი ამომრჩევლების ინტერესში და რა თქმა უნდა, მათ თავისი ამომრჩეველი ჰყავთ და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ მათი ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში. სინამდვილეში, არა მათი ამომრჩევლების ინტერესებით მოქმედებენ, არამედ უყურებენ ამა თუ იმ ქვეყანაში ვინ რას იტყვის, ვინ როგორ შეაფასებს რაღაც მოვლენას, რომ აქედან აჰყვნენ სწრაფად და ჩასხდნენ იმ ჩარჩოებში, რასაც მათ მიუთითებენ. ესაა პრობლემა. დღეს ერთ-ერთ პრობლემად ვახსენე ე.წ. ყალბი ენჯეოები, რომლებსაც პარტიები აფუძნებენ და ამით უცხოურ დაფინანსებას იღებენ. გამოვიდა ბატონი ალექსანდრე რაქვიაშვილი, „გირჩის“ წარმომადგენელი და აღიარა, არის ეს მეთოდი იმისთვის, რომ ჩვენ მოვიზიდოთ უცხოური თანხებიო და კითხვაც არ გაჩენილა როგორც ჩანს, თუ რა პრობლემაა სინამდვილეში ამ ყველაფერში, რომ ქართველი პოლიტიკოსები ხელფასს იღებენ უცხოეთიდან. როგორ უნდა გაატარონ მათ თავისი ამომრჩევლის ინტერესი, საქართველოს ინტერესი, როდესაც მათი დაფინანსება უცხოეთიდანაა?! ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ოპოზიციის მხარეს დგას?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.