რუმინეთმა ნატოს წევრებს შეატყობინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატად წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ კლაუს იოჰანისის წარდგენა გაართულებს სხვა მოკავშირეების ძალისხმევას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მომავალ ხელმძღვანელად დანიშნონ ნიდერლანდების მიმავალი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე.
ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ნიდერლანდების მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ შეცვალოს.
წესდების თანახმად, ნატოს ხელმძღვანელი კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუტეს 31-ვე ქვეყნის მხარდაჭერა დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, 10-მდე ქვეყანას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს სტოლტენბერგის შემცვლელად და მათ ამისთვის განსხვავებული მიზეზები აქვთ.