საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პარლამენტში პარასკევს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
როგორც ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, პარლამენტში შესაძლებლობა ექნება დეტალურად ისაუბროს პრობლემაზე, რომელიც შეეხება ზოგადად ბანკების მომხმარებლების უფლებების დაცვას, კონკრეტულად კი პენსიონერების უფლებების დაცვას.
„კითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა იმას, რამდენად იყო დაცული მსესხებელი პენსიონერების უფლებები მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის დროს მოხდა რამდენჯერმე მათთვის საპენსიო სესხების გადავადება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესში, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება ამა თუ იმ მსესხებლის სასესხო პირობებში, მოხდეს სრული ინფორმირება.
ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად მუშაობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით სპეციალური დეპარტამენტი გვაქვს შექმნილი. ყველა იმ მსესხებელ პენსიონერს, ვისი სათანადო ინფორმირება არ მომხდარა საპენსიო სესხების გადავადების პროცესში, მათი უფლებები იყოს დაცული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.