"დიდი ტყუილია, რომ მიმკედლებლების დაჯარიმება მოხდება, თუ ისინი ავტოსადგურზე, ან ბაზრობაზე მიიკედლებენ ძაღლს. მიმკედლებლებისთვის არანაირი ჯარიმა არ არის გათვალისწინებული," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცხოველს უნდა ეკეთოს ალიკაპი და საბელი.
„მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცხოველი თუ აგვყავს, განურჩევლად მისი ზომისა, ჯიშისა, სახელისა და მეპატრონისა, ცხოველს უნდა ეკეთოს ალიკაპი და საბელი, ჩვენი კანონპროექტით მოქნილი გავხადეთ და დავწერეთ, რომ დეკორატიული ჯიშის ძაღლი შეგიძლია ან ხელში აიყვანო, ან გადამყვანით გადაიყვანო, მაგრამ თუ დიდი ზომის ძაღლი გყავს, ამ შემთხვევაში, მოკლე საბელი ყველა შემთხვევაში უნდა გაუკეთო, მაგრამ ალიკაპი და საბელი ერთად იქნება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აქაც საუბარია დეკორატიული ჯიშის ძაღლებზე, რომლებიც შეგვიძლია შევიყვანოთ ხელში აყვანილი, ან გადამყვანით, მაგრამ ასევე ვუტოვებთ უფლებას ობიექტებს, რომ მათ თუ ექნებათ სურვილი, რომ აკრძალონ ცხოველის შეყვანა, ისინი ვალდებულნი არიან, რომ გარეთ სპეციალური სამაგრი გააკეთონ. აბსოლუტური ტყუილია ტრანსპორტზე და დიდი ტყუილი იყო იმაზე, რომ მიმკედლებლების დაჯარიმება მოხდება, თუ ისინი ავტოსადგურზე, ან ბაზრობაზე მიიკედლებენ ძაღლს. მიმკედლებლებისთვის არანაირი ჯარიმა არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.