თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშოა, უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საგარეჯოს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხის ინიცირება საკრებულოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარს გოჩა ფერაძეს ეკუთვნის. ქუჩის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნინო ვარდოსანიძე, გიორგი ტყემალაძე, ჯაბა სამუშია, გოჩა ფერაძე, კახა ლაბუჩიძე, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობაზე პირველი მონოგრაფიის ავტორი დიმიტრი შველიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის მებრძოლი ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში. ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო დიდი პუბლიცისტი. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ ასეთ დიდ მოღვაწეებს და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ დიდი ქართველების სახელები“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, თბილისის საკრებულო აგრძელებს ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების სახელების უკვდავყოფას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
„ვარლამ ჩერქეზიშვილი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა მისი სახელობის ქუჩა. 23 თებერვალი წითელი არმიის წინააღმდეგ დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად, იარაღით ხელში იცავდა ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაგრძელდა, სადაც ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.
ვარლამ ჩერქეზიშვილი რამდენიმე ათეული წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთან და გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით კორესპონდენციებს აქვეყნებდა. ის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი. ვარლამ ჩერქეზიშვილი 1921 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მან სამშობლოს დატოვა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.