„ოპოზიციასთან გუშინდელ შეხვედრაზე რაც გვქონდა წარდგენილი კანონპროექტის საკითხების სახით, ყველა წინადადება გაიზიარა როგორც ოპოზიციამ, ისე არასამთავრობო სექტორმა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ დააყენა მოსამართლეების ახლიდან დანიშვნის საკითხი, რადგან მათ სასამართლოში გავლენის მოპოვება სურთ.
„ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, გახლავთ მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რაც 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა კიდეც, როდესაც გაყარა მოსამართლეები და თვითონ დაიწყო დაკომპლექტება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და გამოცდილებაა, უნდათ სასამართლოში გავლენების მოპოვება და ამიტომ სურთ, რომ გაათავისუფლონ არსებული მოსამართლეები და მათთვის სასურველი მოსამართლეები დანიშნონ, რომ დანაშაულებისთვის არ აგონ პასუხი. მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი იმ პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსებისა, რომ ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავში იხარშება ისეთი იდეები, რომ საქართველოში სასამართლო შტო დააკომპლექტოს უცხო ქვეყნებმა. აქამდე მივიდა ოპოზიცია, ამით აპირებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, ჩასვლას ხალხთან და იმის თქმას, რომ არიან არა ხალხის წარმომადგენლები, არამედ ძალაუფლებას გადასცემენ უცხო ქვეყნებს თუ ორგანიზაციებს. ეს არის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იდეა. მიუხედავად ამისა, შევყევით დისკუსიაში, რატომ ფიქრობენ, რომ ეს საერთოდ საჭიროა - ვერაფერი თქვეს, რადგან რასაც ისინი წლების განმავლობაში ამბობდნენ და რომელი გადაწყვეტილებითაც ძირს უთხრიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას - რუსთავი 2-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ახალაიას საქმე, აქციების თითქოსდა ძალით გადამეტებით დაშლის საქმე, ყველა ეს საქმე სტრასბურგში აღმოჩნდა და ყველა საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ამიტომ სათქმელიც კი არაფერი აქვთ. ერთ მაგალითს ვერ ასახელებენ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემისა, რომელიც შემდეგ აისახება უსამართლო გადაწყვეტილებებში, უკანონო გადაწყვეტილებებში ან რაიმე მსგავში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.