„მოვუწოდებ პარტიებს, გააუქმონ ყალბი „ენჯეოები“, ანგარიშები, სადაც უცხოეთიდან ერიცხებათ თანხები და ემსახურონ ქართველ ხალხს. უცხოურ დაფინანსებასა და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ასევე, მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც ამ სქემის მონაწილენი არიან. პირდაპირ თუ ირიბად, ჩართული არიან პარტიების დაფინანსებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უცხოურ დაფინანსებაზე საუბრისას განუცხადა.
„გუშინ ბატონმა სანდრო რაქვიაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ზოგადი სქემა არის პარტიების, ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებ, ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა, აკრძალულია, უცხოური შემოწირულებების მიღება, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, არამედ ეს არის ზოგადად, სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა. ვერ აცნობიერებენ, რომ სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესით მოქმედებენ და პოლიტიკური პარტიებიც ვალდებული არიან იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით. როდესაც პოლიტიკური პარტია ზის უცხო ორგანიზაციის ხელფასზე, შესაბამისად ის ატარებს სხვა ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს არის პრობლემა, რატომაც ჩუმდებიან ოპოზიციური პარტიები, როდესაც სანქციებზეა საუბარი. როდესაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, შესაძლოა, შედიოდეს სხვა ქვეყნის ინტერესებში, იმ ქვეყნების, რომელთაგან ისინი ფინანსებს იღებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საუბრისას მან გაიხსენა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აჟიოტაჟი, რომელიც მის განხილვას მოჰყვა.
„მიხვდნენ, გამოაშკარავდებოდა ის სქემები, თუ როგორ ფინანსდება ქართული პარტიები უცხოეთიდან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, გააუქმონ ყალბი „ენჯეოები“, ანგარიშები, სადაც უცხოეთიდან ერიცხებათ თანხები და ემსახურონ ქართველ ხალხს. უცხოურ დაფინანსებასა და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ასევე მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც ამ სქემის მონაწილენი არიან. პირდაპირ თუ ირიბად, ჩართული არიან პარტიების დაფინანსებაში. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, როდესაც უცხო ფულით აფინანსებენ ქართულ პარტიებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.