„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან.
„რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს, საყოველთაო მიდგომაა, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან და არა საზღვარგარეთული წყაროებიდან. ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული სერიოზული გადახვევები, როდესაც არცთუ ირიბად ხდებოდა იურიდიული პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ტენდენცია არის დადებითი, სხვათა შორის ეს დადებითი ტენდენცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დაინიცირდა პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონი, მას შემდეგ ვხედავთ ჩვენ დადებით ტენდენციებს, აღარ ხდება ირიბი წესით პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში შემცირებულია ასეთი დაფინანსების მოცულობა, რაც არის ძალიან კარგი, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ თითოეულ ასეთ პრეცედენტს და რა თქმა უნდა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი“, - განაცხადა პრემიერმა.