ავტორი მარიამ პაიჭაძე
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" საუბარში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. გამზარდიას თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერის ჩაწერა და გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში უნდა იყოს და ამის დასადასტურებლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს:
„პირველ რიგში, მგონია, რომ გვარამიას მოტივაციაში შედის ამ ჩანაწერის გამოქვეყნება. რამდენიმე არგუმენტი არსებობს ამის. პირველი არის ის, რომ მან გამოხატა და აჩვენა, რომ აბსოლუტურ კავშირშია ბურჭულაძესთან და მართავს კიდეც. მეორე მხრივ, თუკი კონკურენტად აღიქვამენ ბურჭულაძის ბლოკს, ამ საუბრების შემდეგ „გირჩმა" ამ ბლოკისგან სრული დისტანცირება უნდა მოახდინოს , რაც ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს. თუმცა, კიდევ ერთი ვერსია არსებობს, რომ შესაძლოა „გირჩისთვისაც" კეთდებოდეს და ამ მხრივ „გირჩის" დისტანცირება ხდებოდეს „ნაციონალური მოძრაობისაგან", მაგრამ სინამდვილეში შეიძლება მათი პროდუქტი იყოს, რაც მიღებულია პოლიტტექნოლოგიებში, თუმცა ამის მტკიცება ძალიან ძნელია.
ჩვენ ვიცით, რომ ბლოკიც და „ნაციონალური მოძრაობაც" საერთო ჯამში სააკაშვილის ელექტორატია და თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაინტერესებულია იმით, რომ ამ ელექტორატის ხმები მხოლოდ თვითონ მიიზიდოს და არა ამ ბლოკმა, დიდი ალბათობით, სააკაშვილის ამომრჩეველი ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ" შეტრიალდება.
კიდევ ერთი, რასაც აპირებს „ნაციონალური მოძრაობა" (რომლის ირიბი წარმომადგენელია ნიკა გვარამია და „რუსთავი-2"), არის ის, რომ აქცენტირება მოხდეს იმაზე, თუ ვინ გადაიღო, ვინ მოისმინა, ვინ გამოაქვეყნა... ამით დარტყმას ახორციელებს ხელისუფლებაზე, რადგან საბოლოო ჯამში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ხელისუფლების მისამართით ნეგატიურ მესიჯებს გაავრცელებს, რაც ასევე „ნაციონალურ მოძრაობას" წაადგება. ეს ყველაფერი მკაფიოდ აჩვენებს იმას, რომ მოტივაცია ამ საუბრის ჩაწერასა და გაშვებაზე „ნაციონალურ მოძრაობას" უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე ხელისუფლებას", - აცხადებს არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" საუბარში.