„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ISFED-ს გააყალბებინეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ამ შემთხვევაში გააყალბებინებდნენ - ცესკო-ს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა ეხებოდა „კვირას“ ექსკლუზივს, რომლის თანახმადაც ზაფხულში ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა იგეგმებოდა.
„გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ მათ სურთ, როგორც ჩანს, რაღაც ფორმით ვერ შეასრულოს ცესკო-ს თავმჯდომარემ თავისი მოვალეობა, რომ შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელში ჩაიგდოს არჩევნების ჩატარების ბერკეტი. როგორც ISFED-ს გააყალბებინეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ამ შემთხვევაში გააყალბებინებდნენ - ცესკო-ს. არ იკადრებდნენ თუ რა. ისინი არიან ყველაფრის მკადრებლები და მკადრებელთა შორის დღეს უკვე ჩანს, რომ ხაზარაძის პარტიის წარმომადგენლები უფრო რადიკალურები არიან, ვიდრე „ნაცები“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„კვირას“ ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენების ორი სცენარი განიხილებოდა. ერთ-ერთით უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება და მისი გადადგომის შემთხვევაში, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა ხაზარაძის პარტიის წევრი – სიორიძე, რაც ავტომატურად ნიშნავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას.