ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი „რეპორტიორს" ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერზე ესაუბრა. სესიაშვილის თქმით, აუდიოჩანაწერის გავრცელება ხელისუფლების ინტერესში არ შედის და ეს ნიკა გვარამიას და „რუსთავი 2"- ის თამაშია.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერში ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ გვარამია ბურჭულაძის ბატონად წარმოჩინდა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების ინტერესი მსგავსი ჩანაწერების გავრცელება არ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ნიკა გვარამია ვინ არის. „რუსთავი 2" არის პოლიტიკური მედია, პაატა ბურჭულაძე კი „ნაციონალური მოძრაობის" პროექტია. ჩანაწერში არაფერი ახალი არ არის, გარდა იმისა, რომ ნიკა გვარამია გამოჩნდა როგორც ბატონი და ბურჭულაძე - ყმა. გვარამია ბურჭულაძეს ისეთი ტონით ელაპარაკებოდა, მე შემრცხვა.
როცა ვსაუბრობთ, ვის ინტერესში შედის მათი საუბრის ჩანაწერის გავრცელება, მინდა, პარალელი გავავლო იმ გარემოებასთან, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს საქართველოში ჩამოვიდა, რომელმაც უნდა დაიწყოს არჩევნების მონიტორინგი და რომლის ხელმძღვანელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" ძალიან ახლოს არის. ამ შემთხვევაში გვარამიამ გააცოცხლა „გვისმენენ" სტერეოტიპი.
გვარამიას და ბურჭულაძის პირადი საუბრების გასაჯაროება „ქართული ოცნების" ინტერესში არ შედის. ეს ყველაფერი პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვისკენ არის მიმართული და „რუსთავი 2"-ს უნდა, საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.