„დიახ, საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება და ჩვენ ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ბრიუსელში განხორციელებულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები: ევროკავშირში და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება, ხოლო ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი მანამდე ჩატარებულა.
„ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში გაემგზავრა, დღეს სწორედ 20-21 თებერვალს გამართული შეხვედრების შედეგების შეჯამება მოვისმინეთ. ბრიუსელში განხორციელებულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები: ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანება. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა საქართველოს, მისი პრემიერ-მინისტრის და დელეგაციის წევრების მიმართ. ირაკლი კობახიძე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის, ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების საბჭოს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები.
ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი მანამდე ჩატარებულა. ევროპის დედაქალაქში ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა: „2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს“.
დიახ, საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება და ჩვენ ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.