"ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც - მინისტრი დაესწრება," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა.
„პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით. გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ, რადგან მეორე მხარის არგუმენტებიც მოვისმინოთ. ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც - მინისტრი დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ რაღაც გადაწყვეტილებისკენ. შესაბამისად, უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არგუმენტების გაცვლას ვერ დავარქმევდი, უფრო ინფორმაცია მოვისმინეთ და მათი შეჯერების საფუძველზე, წავალთ რაციონალური გადაწყვეტილებისკენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.