აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სანქციები შეეხო ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის მოადგილეს ვალერი ბოარინევს, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასჯელაღსრულების კოლონიას, სადაც ნავალნი გარდაიცვალა.
სანქციები ასევე შეეხო იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსს, იგორ რაკიტინსა და ციხის უფროსს, ვადიმ კალინინს.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.