logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: სასამართლო სისტემაზე შეტევა მიმდინარეობს, რათა ოპოზიციას ისეთი მოსამართლეები - ერთი, ან ორი მაინც, რომ ჰყავდეს, რომელიც ოპოზიციის მიერ შეთითხნილ ცრუ ბრალდებებს დაადასტურებს
- +

23 თებერვალი. 2024. 23:58

"ახალ რევოლუციურ სცენარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს მათი პარტიული, რადიკალური, ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის ლეგიტიმურ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგს და გამოიტანს არა სამართლიან დასკვნებს მათ სასარგებლოდ," - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

 



მისივე თქმით, რადიკალური ფრთა ცდილობს გაააქტიუროს რევოლუციური სცენარი, რადგან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ და რევოლუციის გარდა სხვა გზა არ რჩებათ.

 



„მოდის არჩევნები და რა თქმა უნდა, რადიკალური ფრთა ცდილობს გაააქტიუროს რევოლუციური სცენარი. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ბოლოდროინდელ განცხადებებში ხშირად ისმის ფრაზა - ცეცხლითა და მახვილით, რაც ძალადობრივი მოწოდებებია. ცხადია, რომ არჩევნების ლეგიტიმურად მოგების არავითარი შანსი არ აქვთ და ცდილობენ ახალი რევოლუციური სცენარი მოიფიქრონ.

 

 

ამ ახალ რევოლუციურ სცენარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს მათი პარტიული, რადიკალური, ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის ლეგიტიმურ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგს და გამოიტანს არასამართლიან დასკვნებს მათ სასარგებლოდ. და რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაზე შეტევა მიმდინარეობს, რომ მათი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იქნეს დაყენებული და ისეთი მოსამართლეები, ერთი ან ორი მოსამართლე მაინც ჰყავდეთ, რომელიც ოპოზიციის მიერ შეთითხნილ ბრალდებებს დაადასტურებს, რაც იქნება პრეცედენტი იმისთვის, რომ აფრიალონ სამართლებრივი დოკუმენტები წინ და უკან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რაც გამოიწვევს მოსახლეობის აგრესია და რევოლუციური პროცესების განვითარებას.

 

 

ბოლო კვლევები მოწმობს, რომ 20% არის მათი ამომრჩევლის რაოდენობას ყველა ერთად რომ შევკრიბოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან ასოცირებული მთელი ეს რადიკალური სპექტრი - „ლელო“, „სტრატეგია“, „გახარია“ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ რაღაც გარკვეული ნიშა დაიკავონ. ასე მაგალითად „ლელო“ ცდილობს, რომ გარკვეული რადიკალიზმის მანტია მოისხას და შეეჯიბროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხან ბოიკოტს უცხადებენ 9 ნაბიჯის შესრულებას, ხან ათასგვარ სისულელეს იგონებენ, ხან რუსეთის წინააღმდეგ საქციების დაწესებას მოითხოვენ, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს და ასე შემდეგ. მაგალითად გახარიას პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ არავისთან არ ვართ შეკრულებიო, არადა გამოდის „ნაციონალური ორგანიზაციიდან“ რამდენიმე პირი და ამბობს, როგორ არ ხართ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. ანუ ფაქტობრივად ისინი ცდილობენ გაემიჯნონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა არ გამოსდით, რადგან თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, ჩვენიანები არიან და რას ლაპარაკობენო. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე, თავს იყრის ასე ვთქვათ, ერთ მიზიდულობის ცენტრში - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლახან დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, სადაც ისევ კონსტიტუციის დარღვევით იყო წასული.

 

 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიაში ეს არის პრეზიდენტი, რომლის მოვალეობაც არის კონსტიტუციის განუხრელად დაცვა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას. როგორც ჩანს, მან მიიღო ახალი დავალებები უცხოელი პატრონებისგან და ახლა იბარებს თავის რეზიდენციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, იმისთვის, რომ დავალებები გასცეს.

 

 

„ქართული ოცნების“ რეიტინგი განუხრელად გაიზარდა ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ მშვიდობა და სტაბილურო უზრუნველყავით, რამაც საშუალება მოგვცა ეკონომიკა გაგვეზარდა. ჩვენი მომხრეების რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 60%-მდე. გვრჩება დაახლოებით 20% ე.წ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის მოტყუებასაც ცდილობს ეს რადიკალური ფრთის სხვადასხვა წარმომადგენელი და იტყუებიან ერთი მიმართულებით, რომ ჩვენ ნაცები არ ვართო და მეორეა მათი წინასაარჩევნო დაპირებები და გეგმები, რომელიც დიდი ტყუილია.

 

 

მათ ვერ ისწავლეს ჭკუა, იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაეზარდათ, მით უმეტეს, რომ უპრეცედენტოდ კარგი საშუალებები ჰქონდათ ამისათვის - ვგულისხმობ ნულოვანი ბარიერის არსებობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში, სადაც ჰქონდათ პარლამენტის ტრიბუნა და ყველა პრივილეგია. იმის მაგივრად, რომ კარგად გამოეყენებინათ პირიქით დაკარგეს თავიანთივე ამომრჩეველი და ეს იმიტომ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე იტყუებიან და ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ მავნებლობას, რასაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ.

 

 

ოპოზიციას აქვთ ტყუილი ნარატივი, რომ პრორუსია „ქართული ოცნება“, თუმცა ეს იარლიყი ვერ მიაკერეს. ახლა ჩვენზე არიან გადმოსულები, როგორც ჩანს ჩვენში რეალურ საფრთხეს ხედავენ. მეორე ნარატივი არის ანტიდასავლური იარლიყის მიწებება.

 

 

დღეს პრემიერს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა, ძალიან კარგი ბრიფინგი, სადაც აღინიშნა, რომ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორები დასავლეთიდან ჩვენს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებ ჩვენ არ ამოვიღებთ ხმასო, მაგრამ როდესაც უდანაშაულოდ გვაბრალებენ ან ისეთი ქმედებებისაკენ მოგვიწოდებენ, რაც არ არის საქართველოს ინტერესებში ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. მაგალითად, ისეთ განცხადებებზე მიერთება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ან თუნდაც ეწინააღმდეგება საზოგადოების მორალსა და ეთიკას, ვგულისხმობ გეი პროპაგანდას. ეს არის ის წითელი ხაზები, რის გადაკვეთასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

 

 

ჩვენი ევროინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს წითელი ხაზები გადავლახოთ. პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ღირსებითა და დამსახურებით შეგვიძლია სტატუსის მოპოვება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner