რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც კომპენსაციებს ხელი უკვე მოაწერეს. სხვათა შორის, პირდაპირ ამ საკითხით დაიწყო საუბარი ბატონმა პრემიერმა, რომ არის რაღაც ნაწილი, ვინც უკვე ხელი მოაწერა და კომპენსაცია ჩაერიცხა. ოპტიმალურად უნდა დაკომპლექტდეს, დარგის ხელმძღვანელობაც იქნება ამაში ჩართული, მთლიანად კოლექტივიც. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ უბრალოდ იქ მუშაობა და დატოვებს კოლექტივს, ვისაც ამის სურვილი ექნება, უკან დაბრუნდება, ამის წინააღმდეგი არავინ არის. ჩვენ ამას არანაირად არ შევეწინააღმდეგებით, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით, რომ ჩვენი ერთად მუშაობა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი“, - განაცხადა კახი ხუციშვილმა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.